ფსიქოლოგის გვერდი

ფსიქოლოგის გვერდი

რჩევები “ალბიონის“ პირველი  კლასის მოსწავლეთა  მშობლებს

უფროსების როლი ბავშვების პიროვნების ფორმირების პროცესში

 

მოგესალმებით ყველას, ვისაც აინტერესებს ფსიქოლოგიური საკითხები და, შესაბამისად, მიზანმიმართულად გამოიყენებს  ფსიქოლოგის გვერდს.

დავაზუსტებთ, რაში გამოგადგებათ, რაში დაგჭირდებათ, რატომ იქნება სასურველი ჩვენი ინფორმაციები თუ რეკომენდაციები თვენთვის.

ჩვენს მიერ მოწოდებული მასალები დაგეხმარებათ თქვენ - მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, რომ უკეთ გაერკვეთ საკუთარ პიროვნებაში. ამოიცნოთ თქვენი ქცევის მოტივები, გაიცნობიეროთ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, რაც ხელს შეგიწყობთ, უკეთ წარმართოთ ურთიერთობები როგორც საკუთარ თავთან, ისე გარშემომყოფ ადამიანებთან.

ჩვენ შემოგთავაზებთ:

  • პრობლემური საკითხების ფსიქოლოგიურ ანალიზს (თანდართული რეკომენდაციებით).
  • ტესტებს, რომლებიც იკვლევს პიროვნების სხვადასხვა მიმართულებას, რაც დაგეხმარებათ ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს.
  • ცნობილი ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შექმნილი პრობლემების დასაძლევად, რთული სიტუაციებს თავიდან ასაცილებლად.
  • ინფორმაციებს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით.

პერიოდულად გავითვალისწინებთ თქვენს ინტერესებს, ვუპასუხებთ კითხვებს და დაგეხმარებით შვილების აღზრდაში.

 

რჩევები, რომლებსაც ფსიქოლოგებისა და მკვლევარების რეკომენდაციებზე დაყრდნობით გთავაზობთ

1. გაითვალისწინეთ ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები და ნუ მოსთხოვთ მას ისეთი დავალებებისშესრულებას, რომელიც მის ძალებს აღემატება. ასე თავიდან აიცილებთ სხვადასხვა ფსიქოემოციურ დარღვევას, არასრულფასოვნების კომპ-ლექსს, გადაღლას.

2. მოერიდეთ შანტაჟს, თუ არ გინდათ, მოგვიანებით თავად გახდეთ მისი მსხვერპლი. მხოლოდ ჯილდოსთვის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით შესრულებული დავალება ფორმალური და არაფრისმომცემია.

3. მიიღეთ მონაწილეობა დავალების შესრულებაში, ოღონდ არა როგორც მოკარნახემ ან დამკვირვებელმა, არამედ ისე, თითქოს თავად გაინტერესებთ შედეგი. მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანი მოტივია მოზარდისთვის.

4. თუ ბავშვი დიდ დროს უთმობს სხვადასხვა გასართობს (კომპიუტერი იქნება ეს, ტელევიზორი თუ ჰობი), შეუთანხმდით, რომ ამ ყველაფრისთვის დრო დავალებების შესრულების შემდეგ გამოინახება.

5. იზრუნეთ მოსწავლის იმუნიტეტსა და სწორ ფიზიკურ განვითარებაზე. სპორტი, გაკაჟება, ვიტამინების კომპლექსი ის აუცილებელი ფაქტორებია, რაც მოზარდის ჰარმონიულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას უზრუნველყოფს.

6. მიზნებისა და მისაღწევი შედეგების სწორ ფორმულირებას არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს. "კლასში საუკეთესო უნდა იყო!" "ათიანების გარდა სხვა ნიშანი არ დამანახო!" და მსგავსი ტიპის მოთხოვნები დამთრგუნველი და მატრავმირებული უფროა, ვიდრე სიკეთის მომტანი. საზოგადოდ, მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნიშანი სწავლისა და ცოდნის შეფასების ერთადერთ ფაქტორად ვერ ჩაითვლება. სხვათა შორის, იგივე დიმიტრი უზნაძე მხარს უჭერდა სასწავლო პროცესიდან ციფრებით შეფასების განდევნას: "ციფრული შეფასება, როგორც წესი, სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ხელს უშლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნას", - აღნიშნავს ის თავის ნაშრომებში განათლების ფსიქოლოგიის შესახებ.

მშობლის როლი ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პროცესში

მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია მშობლების სწორი მიდგომა აღზრდის საკითხებთან. ჯანსაღი გარემოს შექმნა მშობლების უპირველესი მოვალეობაა.

         გთავაზობთ რამდენიმე რეკომენტაციას, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს შვილებს უმტკივნეულოდ დაძლიოთ სკოლასთან ადაპტაციის სირთულეები:

 

  • ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში გამოხატეთ თქვენი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. აგრძნობინეთ, რომ ის გიყვართ და ყოველთვის დაეხმარებით რთული სიტუაციის დაძლევაში. ეს ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმას. 
  • ბავშვის ქცევის შეფასებისას შეაფასეთ მხოლოდ მისი კონკრეტული ქმედება და არა მთლიანი პიროვნება.
  • კონკრეტული ქმედების შეფასებისას კი ეცადეთ, ხშირად აღნიშნოთ მისი დადებითი ქმედებები. უარყოფითი საქციელის შეფასება კი დაიწყეთ იმით, რომ ის ძალიან გიყვართ, მაგრამ მისი ქცევა მიუღებელია და იმედი გამოთქვით, რომ ის მას აუცილებლად გამოასწორებს. 
         ასეთი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს მიუღებელი ქცევის დადებითით ჩანაცვლებას. 

 

  • მოითხოვეთ მისგან მხოლოდ ის, რისი შესაძლებლობებიც აქვს. ნუ შეადარებთ უფროს და-ძმებს და თანაკლასელებს.
         ეს მათში აგრესიას გამოიწვევს სხვების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ კი ჩამოუყალიბდებათ უსუსურობის განცდა.

 

  • გახსოვდეთ, ყველა ბავშვს აქვს თავისი განვითარების ინდივიდუალური რიტმი და პირველი კლასის პირველ სემესტრში და თუნდაც სკოლაში სწავლების პირველ წლებში წარუმატებლობა არ ნიშნავს მომავალში წარუმატებლობას.
         ყველა ბავშვი განსხვავდება ერთმანეთისგან. ვინ სად და როდის გამოავლენს საკუთარ უნიკალურ შესაძლებლობებს ხშირად ამოუცნობია. მთავარია მოთმინება, და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და მაქსიმალური ძალისმევით ბავშვში არსებული შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება.

გთავაზობთ ტესტს (როგორი მშობელი ვარ)

 

ტესტის მიზანია, ერთხელ კიდევ ჩაგაფიქროთ მშობლის ძირითად როლზე ბავშვის სწავლა-აღზრდის საქმეში. იმედია, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტესტი დაგეხმარებათ თქვენი შვილის პიროვნების სწორად ჩამოყალიბებაში:

უპასუხეთ კითხვებს და დაითვალეთ ქულები:

 

  • შემიძლია და ყოველთვის ასე ვიქცევი - 3 ქულა
  • შემიძლია და ყოველთვის ასე არ ვიქცევი - 2 ქულა
  • არ შემიძლია - 1 ქულა

შეგიძლიათ თუ არა, რომ 

 

  1. ნებისმიერ დროს თავი დაანებოთ საქმეს და ბავშვს მიუჯდეთ?
  2. მოეთათბიროთ და რჩევა ჰკითხოთ ბავშვს მისი ასაკის მიუხედავად?
  3. აღიაროთ ბავშვთან, რომ მის წინაშე სწორად არ მოიქეცით?
  4. ბოდიში მოუხადოთ, თუ უსამართლოდ მოეპყარით?
  5. თავშეკავება გამოიჩინოთ, თუნდაც ბავშვის საქციელმა მოთმინება დაგაკარგვინოთ?
  6. საკუთარი თავი წარმოიდგინოთ ბავშვის ადგილზე?
  7. წუთით მაინც წარმოიდგინოთ, რომ ზღაპრული უფლისწული ან კეთილი ფერია ხართ?
  8. უამბოთ ბავშვს საკუთარი ბავშვობიდან რაიმე ჭკუის სასწავლებელი შემთხვევა, რომელშიც მთლად კარგად ვერ გამოიყურებით?
  9. ყოველთვის შეიკავოთ თავი ისეთი სიტყვების წარმოთქმისაგან, რომლებსაც შეუძლიათ, ბავშვს გული ატკინოს?
  10. დაჰპირდეთ ბავშვს, (თუ კარგად მოიქცევი, ამას და ამას შეგისრულებო) და დანაპირები აუცილებლად შეუსრულო?
  11. ხვეწნა-მუდარისა და ტირილის მიუხედავად არ აუსრულოთ ბავშვს თხოვნა, თუკი დარწმუნებული  ხართ, რომ ეს ჭირვეულობაა, წუთიერი ახირებაა?
  12. გამოუყოთ ბავშვს ერთი დღე, როცა მას შეეძლება ის აკეთოს რაც გაუხარდება ისე მოიქცეს, როგორც მოესურვება და არაფერში ჩაერთოთ?
ტესტის გასაღები:

         თუ თქვენ 27 ქულიდან 36 ქულამდე მოაგროვეთ, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი თქვენთვის ყველაზე ძვირფასია ცხოვრებაში. თქვენ ცდილობთ, არა მარტო გაუგოთ მას, არამედ შეიცნოთ კიდეც. პატივისცემით ეპყრობით, ცდილობთ, მუდამ თანამიმდევრული იყოთ, ერთ ხაზს მისდევთ. ერთი სიტყვით, სწორად იქცევით და იმედი უნდა იქონიოთ, რომ კარგ შედეგსაც მიაღწევთ. 

         13-დან 27-მდე ქულის დაგროვება ნიშნავს, რომ ბავშვისთვის ზრუნვა თქვენთვის უპირველესი ამოცანაა. გაქვთ აღმზრდელის ნიჭი, მაგრამ მიზანდასახულად და თანამიმდევრულად ამ უნარს ვერ იყენებთ. ხან ზედმეტად მკაცრი ხართ, ხან ზედმეტად რბილი.

          13 ქულაზე ნაკლები თუ მოაგროვეთ, ეს იმას მოწმობს, რომ ბავშვის აღზრდის საქმეში დიდი ხარვეზები გაქვთ ან საიმისო ცოდნა გაკლიათ. გირჩევთ, მიაკითხოთ ფსიქოლოგს.

 

* * *  

გარდამავალი ასაკის სიძნელეებიდა მათი თავიდან აცილების გზები

მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაში ყველაზე დიდ სირთულეს გარდამავალი ასაკის პერიოდში აქვს ადგილი. არსებული სიძნელეების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მშობელი ბავშვთან ურთიერთობას ააგებს ამ ასაკისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით. უნდა გვახსოვდეს, რომ გარდამავალი ასაკი მოიცავს პერიოდს 10-11 წლიდან 15-16 წლამდე. 

გარდამავალი ასაკის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს მოზარდში "დიდობის" გრძნობის აღმოცენება. ბავშვში ჩნდება სურვილი იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამ დროს მოზარდში ხდება მთელი რიგი ბიოლოგიური, ფიზიკური და სულიერი ცვლილებები. იგი ყოველივე ამას ნათლად გრძნობს და ხვდება რომ ბავშვი აღარ არის, აცხადებს პრეტენზიას - უფროსები მასთან იყვნენ ისეთივე დამოკიდებულებაში, როგორც თანატოლებთან. 

მშობლებმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დიდობის გრძნობა ჯანსაღი გრძნობაა და იგი კი არ უნდა ჩავახშოთ, არამედ სწორი მიმართულებით წარვმართოთ. უნდა ვაღიაროთ ბავშვის უფლებები დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე გონივრულ საზღვრებში.

- გარდამავალ ასაკში აღმოცენებული მოთხოვნილებათა შორის უძლიერესია პრესტიჟის აღიარების მოთხოვნილება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული დიდობის გრძნობასთან. ბავშვი გრძნობს, რომ ის უკვე დიდია და მოითხოვს პატივი სცენ მის პიროვნებას, არ მიმართონ დამამცირებელი სიტყვებით, არ შეურაცხყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ხდება აგრესიული, ან პირიქით, განმარტოვდება საკუთარ თავთან.

- აღნიშნულ ასაკში ბავშვები გამოირჩევიან მძაფრი ემოციურობით. ამას ხელს უწყობს სხეულის კონსტრუქციის ცვლილებაც, სხეულის აგებულებაში პროპორციის დარღვევა. სხეულის მოძრაობები კარგავენ სიზუსტეს და უფრო აჩქარებული და ნერვიულნი ხდებიან. მშობლები უნდა ეცადონ ამ დროს მეტი თანაგრძნობით მოეკიდონ ბავშვებს. ისინი მათ მოძრაობას დამუშავებასა და დახვეწაში ყოველგვარი საყვედურებისა და გაკილვის გარეშე უნდა მოეხმარონ.

- განსაკუთრებით ფაქიზ დამოკიდებულებას საჭიროებს მოზარდთა სასიყვარულო ურთიერთობა. ესაა მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გრძნობა. ამიტომ როცა ამ გრძნობას მესამე პირი უხეშად ეხება, მოზარდში ჩნდება უარყოფითი ემოციები, მოზარდი სასოწარკვეთილია და ეუფლება უსამართლობის განცდა, რაც შეიძლება მშობელს არასოდეს არ ეპატიოს.

- აღნიშნულ ასაკში მნიშვნელოვანია მეგობრის მოთხოვნილებაც. ბავშვების უმეტესობას შეუძლია პირადი ცხოვრებიდან ბევრი რამ დათმოს და საკმაოდ დიდი უსიამოვნება გადაიტანოს მეგობრისთვის. მშობელი მოვალეა ანგარიში გაუწიოს მოზარდის აღნიშნულ მოთხოვნილებას.

მშობელს სიფრთხილე მართებს ბავშვთან ურთიერთობის პროცესში, როდესაც ეს მიმართავს დასჯის ამა თუ იმ ფორმას. ამ ასაკის მოზარდში მნიშვნელოვან გაღიზიანებას იწვევს, როცა მას ჰგონია რომ არასწორად ექცევიან, ისეთ სასჯელს ადებენ, რომელსაც ის არ იმსახურებს.

მშობელმა დასჯის მეთოდის მხოლოდ მაშინ უნდა მიმართოს თუ ის ბავშვის მიერაც განიცდება, როგორც სამართლიანი და ობიექტური, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შორის ურთიერთობები უფრო რთულ ხასიათს მიიღებს.

* * *  

რჩევა მშობლებს ბავშვებისგან

 

  1. ნუ გამათამამებთ. ამით მხოლოდ დამაზიანებთ. კარგად მესმის, რომ რასაც ვითხოვ, ყველაფერი არ მეკუთვნის. მე მხოლოდ გცდით. თუ გამივა, ჩემი მორჯულება გაგირთულდებათ.
  2. გამოიჩინეთ სიმტკიცე ჩემთან მიმართებაში. სწორედ ასეთ მიდგომას ვანიჭებ უპირატესობას. სწორედ ეს მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიპოვო საკუთარი ადგილი.
  3. ნუ მაიძულებთ, თავი უფრო პატარად ვიგრძნო, ვიდრე ვარ. ასე მტირალა და მომთხოვნი გავხდები.
  4. ნურაფერს გააკეთებთ ჩემ ნაცვლად. მასწავლეთ - მე ყველაფრის კეთება შემიძლია. სხვა შემთხვევაში ჩემს მსახურად გადაგაქცევთ.
  5. ნუ აჰყვებით ჩემს პროვოკაციებს. მათ თქვენს გულდასაწყვეტად ვაწყობ. ნუ აჰყვებით, ამით მაშინ ვისარგებლებ, როცა მომესურვება.
  6. ნუ მომთხოვთ დაუყონებლივ ახსნა-განმარტებებს, რატომ ჩავიდინე ესა თუ ის საქციელი. ამაზე პასუხი ხშირად თვითონაც არ მაქვს.
  7. ნუ გამომცდით. შემეშინდება და იოლად ვიქცევი ცრუპენტელად.
  8. ნუ გადაყვებით ჩემს შიშებს. ასე უფრო შემეშინდება. უბრალოდ მაგრძნობინეთ თქვენი მხარდაჭერა.
  9. საკუთარი მაგალითით მაჩვენეთ, რა არის სიმამაცე.
  10. ნუ შემპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ. ამგვარად მე თქვენს რწმენას დავკარგავ.
  11. ყველაფერი თანამიმდევრულად აკეთეთ. ქაოსური ქმედებები თავ-გზას მიბნევენ.
  12. ტყუილად ნუ ამომიჩემებთ, უმიზეზოდ არ მებუზღუნოთ. თუ ასე მომექცევით, იძულებული გავხდები თავი დავიცვა ან აღარ მოგისმინოთ.
  13. ნუ მაგრძნობინებთ, რომ ჩემი საქციელი სასიკვდილო ცოდვაა. მაქვს უფლება შეცდომებიც დავუშვა და გამოვასწორო კიდეც ისინი. თუ იმაში დამარწმუნებთ, რომ მართლაც უვარგისი ვარ, მომავალში შემეშინდება რაიმის კეთება, თუნდაც დარწმუნებული ვიყო, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ.
  14. ნუ შეეცდებით, ამარიდოთ შეცდომის შედეგი. თქვენსავით მეც საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ და პირადი გამოცდილება მჭირდება.
  15. არ დაგავიწყდეთ, რომ მიყვარს ექსპერიმენტები. ამ გზით სამყაროს შევიცნობ.
  16. ნუ შეეცდებით გაგანია კონფლიქტში ჩემი საქციელის გარჩევას. ზოგიერთი ობიექტური მიზეზის გამო ამ დროს არაფერი მესმის, თქვენთან თანამშრომლობის სურვილი არ გამაჩნია. უმჯობესი იქნება, თუ ამას კონფლიქტის ჩავლის შემდეგ გააკეთებთ.
  17. ნუ მომცემთ შენიშვნას სხვისი თანდასწრებით. გაცილებით მეტ ყურადღებას მივაქცევ მას თქვენთან პირისპირ საუბრის დროს.
  18. გახსოვდეთ, რომ თქვენი თანადგომის გარეშე კარგად ვერ განვვითარდები, მაგრამ საქებარი სიტყვები, დამსახურებულადაც რომ მეკუთვნოდეს, დავიწყებას მიეცემა, თქვენი უხეში შენიშვნა კი კარგა ხანს მემახსოვრება.
  19. მაინტერესებს საპირისპირო სქესი და რაც უფრ მიჩქმალავთ ამ თემას, არ ამიხსნით, როგორ უნდა მოვიქცე, რა არის ლტოლვა ან სიყვარული, ამის შესახებ უფროსი ბავშვები მიამბობენ. ამიტომ უმჯობესია მოიფიქროთ, როგორ მითხრათ.
  20. კარგად ვგრძნობ, როდის გიჭირთ. არ დამიმალოთ და არ დამემალოთ. მომეცით იმის შანსი, რომ თქვენთან ერთად განვიცადო. როდესაც თქვენ ნდობას გამომიცხადებთ, მეც მიგენდობით.
  21. არაფერია, თუ ერთად ცოტა დროს გავატარებთ. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია რამდენად ხარისხიანად ვატარებთ ამ დროს.
  22. იყავით ყურადღებით, როდესაც ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგება და სამეგობრო წრის არჩევა მომიწევს. ჩემი თანატოლების აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება. მე კი თქვენ მიმართ უფრო კრიტიკული ვიქნები. თქვენი სიტყვები და საქმე ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.
  23. მომექეცით ისე, როგორც მეგობრებს ექცევით. მაშინვე მეც თქვენი მეგობარი გახვდები. 
  24. მაგალითებით მეტს ვსწავლობ, ვიდრე კრიტიკით.
 
 

აზროვნების  განვითარების  დონეები

(ბლუმის  ტაქსონომია)

 

21-ე საუკუნეში სწავლის პროცესისადმი სულ  უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნები. ინფორმაციის დიდი რაოდენობით ფლობა არ ნიშნავს წარმატებულობს.   საჭიროა მისი გამოყენება. ამის შესახებ ჩვენ ყოველდღე გვახსენებს ჩვენს სკოლაში დიდი ასოებით დაწერილი შემდეგი სიტყვები: ,,ბრძენი ის არის, ვინც იცის საჭირო, ბევრი კი არა”.

ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ამერიკელი ფსიქოლოგის ბ.ბლუმის თეორია, რომელიც ინფორმაციის დამახსოვრებასთან ერთად მოცემული ინფორმაციის აზროვნების ყველა დონეზე გააზრებასა და ამავდროულად მისი ეფექტურად გამოყენების საშუალებას მოგვცემს. ეს თეორია განათლების ფსიქოლოგიაში ცნობილია ბლუმის ტაქსონომიის სახელწოდებით. ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების საფუძველზე ჯგუფების, კატეგორიების გამოყოფის სისტემა. ჩვენს შემთხვევაში ბლუმმა აზროვნება დაყო განვითარების დონეებად და განალაგა მარტივიდან რთულისკენ. ესენია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება.

პირველი დონე - ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ  ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას. მასში იგულისხმება ფაქტების, წესების, ობიექტების, თარღების ცოდნა და დასახელება, ინფორმაციის მოძიება, კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის ცოდნა და ა.შ. აღნიშნულ დონეზე აქცენტი კეთდება დამახსოვრებაზე.

მეორე დონე - გაგება, გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომას,  კერძოდ ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახნას, ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემას, საგნების და მოვლენების თვალსაჩინო ნიშნით დაჯგუფებას დაა.შ.

მესამე დონე - გამოყენება, გულისხმობს ადრე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, კერძოდ ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში მოხმარებას.

მეოთხე დონე - ანალიზი, არის საზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. მასში იგულისხმება: მასალის შემადგენელ ნაწილებად დაყოფა, მოვლენის მიზეზის ახსნა, მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა და ა.შ. აქ უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანალიტიკური აზროვნება.

მეხუთე დონე - სინთეზი, არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის საწინააღმდეგო პროცესს წარმოადგენს. მასში იგულისხმება ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის შესაქმნელად, კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა, ახალი პროდუქტის შექმნა ან გამოგონება და ა.შ. აღნიშნულ დონეზე აუცილებელია შემოქმედებითი უნარის ფლობა.

მეექვსე დონე - შეფასება, არის ზედა დონის უნარ-ჩვევა და იგი გულისხმობს საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულ დასაბუთებას, შესწავლილი მასალის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებას. აზროვნებას იმაზე, შესწავლილი მასალა სად გამოვიყენო  და როგორ. შესაბამისად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების უნარი.   

ახლა კი ტაქსონომიის მიხედვით გავიაზროთ კონკრეტული მასალა, მაგალითად "ვეფხისტყაოსანი”. პირველ დონეზე, ჩვენ წავიკითხავთ ტექსტს და ვმართავთ ახალ სიტყვებს. ეორე დონეზე, ვაშინაარსებთ წაკითხულს. მესამე დონეზე, გამოვიყენებთ, როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე ცხოვრებაში. მეოთხე დონეზე, შევადაროთ და ვნახოთ მსგავსება-განსხვავება, მაგალითად პროლოგსა და ეპილოგს შორის ან ჩვენს მიერ ნასწავლი მასალის სხვადასხვა თავებს შორის და ჩავწვდეთ ნაწარმოების სიღრმეს, იდეას. მეხუთე დონეზე, დავაფიქსიროთ საკუთარი მოსაზრებები, შევიმუშავოთ ჰიპოთეზები, შევქმნათ პროექტები. მეექვსე დონეზე შევაფასოთ ნაწარმოების ღირებულება, რას გამოვიყენებ და როგორ შევიცვლებით  ჩვენ, როგორც პიროვნება.

ალბათ დამერწმუნებით, რომ ასეთი სტრატეგიით ნასწავლი მასალა არასოდეს არ დაგვავიწყდება და ნებისმიერ სიტუაციაში, მონიტორინგი, გამოცდები, თუ უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენება სრულიად შესაძლებელია. ასეთ დონეზე ნასწავლი მასალა ზოგავს იმ დროსაც, რომელიც ჩვენი მონიტორინგების თუ გამოცდების მოსამზადებლადაა გათვალისწინებული.

ჩვენ  დავინტერესდით, თუ რამდენად ხშირად იყენებენ ბლუმს ან მსგავს სტრატეგიებს ჩვენი თანატოლები სწავლის პროცესში და ჩავატარეთ გამოკითხვა. ჩვენს მიერ შედგენილი  იყო კითხვარი. გთავაზობთ  კითხვარს.

1. ცდილობ თუ არა გაიხსენო ადრე ნასწავლი ინფორმაცია, რომელიც  დაგეხმარება ახალი მასალის  უკეთ  გააზრებაში?

2. ახალი მასალის წაკითხვის შემდეგ, გადმოსცემ თუ არა მას შენი სიტყვებით, თუ მხოლოდ წაკითხვით კმაყოფილდები?

3. შეგიძლია თუ არა ნასწავლი მასალის თავისუფლად გამოყენება მონიტორინგზე, ან ცხოვრებაში, სკოლის გარეთ?

4. აანალიზებ თუ არა შესწავლილ  მასალას, პოულობ თუ არა მსგავსება-განსხვავებას ახალ მასალაში არსებულ სხვადასხვა  ნაწილებს შორის?

5. ნასწავლ მასალაზე  დაყრდნობით შეგიძლია თუ არა შეიმუშავო რჩევები, რეკომენდაციები?

6. განიხილავ თუ არა შესწავლილი  მასალის დადებით და უარყოფით მხარეებს და ფიქრობ, როგორ შეგიძლია მისი გამოყენება  ყოველდღიურ  ცხოვრებაში?

გამოკითხვის შედეგებმა გვიჩვენა, რომ   გამოკითხულთა უმრავლესობა სწავლის პროცესში იყენებს აზროვნების თითქმის ექვსივე დონეს. ე.ი. მათ მიერ შესწავლილი მასალა არის კარგად  გააზრებული.


რეკომენდაციები:


1. თუ გვინდა, რომ ჩვენს  მიერ ნასწავლი მასალა იყოს კარგად აღქმული და გამოყენებადი, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გააზრება ბლუმის ტაქსონომიის ექვსივე დონის მიხედვით.

2. მასალა რომელიც ჩვენს მიერ დამახსოვრებულია, ვიცით ზეპირად, შეგვიძლია მისი მოყოლა, მაგრამ არ არის გაანალიზებული, კარგად  გააზრებული, ფაქტიურად  გამოუყენებელია. ამიტომ დამახსოვრებასთან ერთად ყოველთვის უნდა ვეცადოთ ნასწავლის ღრმად გააზრებას.

3. დაინტერესდით ბლუმის  ტაქსონომიით, კარგად შეისწავლეთ და ეცადეთ ხშირად გამოიყენოთ სწავლის პროცესში. ეს გაზრდის თქვენს მოტივაციას და ნასწავლიც თქვენ მიერ გამოყენებული იქნება  ნებისმიერ საჭირო სიტუაციაში.

 

 

 

როექტის  ავტორი:

ანანა ცისკარიშვილი IX2  კლასი


სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
ბიბლიოთეკა 1